X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

სამუშაო შეხვედრა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში

21 ოქტომბერი 2026

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების კონტრაქტორი კომპანიების წარმომადგენლებს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან ერთად შეხვდა.

კონტრაქტორ კომპანიებთან გამართულ შეხვედრაზე არსებულ საჭიროებებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე კერძო სექტორის წარმომადგენლებმა დარგში არსებულ გამოწვევებზე გაამახვილეს ყურადღება.

„ჩვენ შევხვდით საპროექტო, სამშენებლო, საზედამხედველო კომპანიებს. ძალიან საინტერესოდ ჩაიარა ამ შეხვედრამ. გავცვალეთ ერთმანეთთან ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ როგორ მიმდინარეობს დღესდღეობით არსებული პროექტები, რა გეგმები გვაქვს 2027 წელს, რა პრობლემებია და ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე ვისაუბრეთ. ძალიან საინტერესო იყო გამომდინარე იქიდან, რომ თვითონ დარგში მომუშავე კომპანიებს თავისი ხედვები აქვთ, თავისი მიგნებები აქვთ და ბუნებრივია, ჩვენთვის ეს ძალიან საინტერესოა“ - განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.

კომპანიებთან გამართული შეხვედრის შემდეგ მინისტრის მოადგილემ და სახელმწიფო რწმუნებულმა მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან ერთად ინდივიდუალურად განიხილეს მუნიციპალიტეტებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები. შეხვედრებზე ასევე განიხილეს 2027 წელს დაგეგმილი სამუშაოები.

„მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილთან ერთად რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან ერთად დეტალურად განვიხილეთ. ასევე ვიმსჯელეთ მომავალი წლის პროექტებზე, რაც ჩვენი მოქალაქეების საჭიროებებზე იქნება მორგებული. მხოლოდ მიმდინარე წელს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის სხვადასხვა მიმართულებით 308 პროექტი დაფინანსდა, თითოეული პროექტის ხარისხიანი და დროული შესრულება არის უმთავრესი ამოცანა, რაზეც კონტრაქტორ კომპანიებთან ცალკე გამართულ შეხვედრაზე ვისაუბრეთ“ - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ვერავამ.

მიმდინარე წელს  სამეგრელო-ზემო სვანეთში - რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების, გამყოფი ხაზის მიმდებარედ განსახორციელებელი პროექტების, სტიქიის საპრევენციო, სტიქიიის სალიკვიდაციო, მთის განვითარების ფონდების და სკოლების მცირე რეაბილიტაციის პროგრამების ფარგლებში 310-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი დაფინანსდა, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 127 მილიონი ლარი შეადგინა.

მსგავსი ტიპის შეხვედრებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო საქართველოს ყველა რეგიონში გამართავს.